Georgian Academy of Natural Sciences
ვის არ შევხვედრივარ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, მათ შორის, მეფეებსა და დედოფლებს, პრეზიდენტებსა და პრემიერებს, მინისტრებსა და ელჩებს, სახელგანთქმულ კოსმონავტებსა და მსოფლიო დონის მეცნიერებს, კინოსა და სცენის ვარსკვლავებს, მაგრამ კედელზე მხოლოდ ერთი მათგანის სურათი მიკიდია. ესაა ბრწყინვალე და განუმეორებელი ოდრი ჰეპბერნი!
ჩვენი ეს დაუვიწყარი შეხვდერა რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში, სადაც, იღბლად, ერთერთი ტელევიზიის კორესპონდენტად ვმუშაობდი რამდენიმე წლის მანძილზე. სწორედ, მაშინ მივიღე ის ცნობილი რეგიონული ‘ემი’, რომელმაც მთელი საქართველო გააკვირვა. ხომ წარმოგიდგენიათ, სოციალიზმში გაზრდილი ერთი ქართველი ბიჭი, დიდად არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული, უცებ, ამერიკაში რომ ამოყოფს თავს და ტელე-ეკრანზე აღმოჩნდება ყველას დასანახად.
სასწაული იყო რაღაც. სხვებს რომ არ სჯეროდათ, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ მე არ მჯეროდა თავად, რაც ჩემს თავს ხდებოდა. მისია იყო ასეთი: საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ამერიკამ და საქართველომ ტელე-ჟურნალისტები გაცვალა. არ გაგიკვირდეთ! ეს ის დროა, როცა სახელწიფოს უშიშროებას იდეოლოგიური მარწუხები, უკვე, მოშვებული ჰქონდა და მიმოსვლაც გაადვილებული იყო. ერთი სიტყვით, ამერიკელი ჯურნალისტი საქართველოში ჩამოვიდა და ქართველი ამერიკაში წავიდა, რომ ამერიკელს ქართველებისთვის მოეთხრო ტელეეკრანზე თუ როგორ ხედავდა საქართველოს და, პირიქით, ქართველს ამერიკელებისთვის უნდა გაეზიარებინა მისი შთაბეჭდილება ამერიკულ ცხოვრებაზე. იმდენად საინტერესო პროექტი იყო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას უმიზნებდა. ხუმრობის გარეშე! ნამდვილად ძნელად წარმოსადგენი იყო ჟურნალისტის ტყავში გამოწყობილი საბჭოთა ‘ცხოველი’ ამერიკულ ტელე-ეკრანზე ენა-გადმოგდებული რომ ლაპარაკობდა ყველაფერს, რაც თავში მოუვიდოდა. არადა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შინ მშვიდობით დავბრუნდი და არც არავის უთქვამს, როგორ გაბედეო. ბოლოს, ყველა ამერიკული სიუჟეტი ქართულ ტელე-ეკრანზე მოხვდა და 24 საათში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, ქუჩაში თავისფლად ვეღარ გამოვდიოდი.
კი, მე აღვმოჩნდი ის იღბლიანი, ვინც პარტიის ცეკამ და კაგებემ ამ მისიისთვის შეარჩია. მიზეზიც ჰქონდათ - ინგლისური ენა ვიცოდი კარგად და ჯურნალისტიკაშიც არც თუ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ჰოდა, იმ დღეს ტელევიზიაში რომ მივედი, მთავარმა პროდიუსერმა მითხრა, აბა, ახლავე მოემზადე, დავალებაზე უნდა გახვიდეო. რა იყო დავალება? არც მეტი არ ნაკლები - შეხვედრა და ინტერვიუ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავთან.
მანამდე, ორიოდე კვირით ადრე, მიხიელ და რაისა გარბაჩოვებს შევხვდი ატლანტაში. ჯერ კიდევ ძალიან ‘დიდი კაცი’ იყო გორბი, მაშინ! იმ არც თუ უმნიშვნელო შეხვედრამ ისე ჩაიარა, ვითომც არაფერი, მაგრამ ოდრი ჰეპბერნს უნდა ელაპარაკოო რომ მითხრეს, სხვაგვარად გამცრა ტანში. ერთმანეთზე გადაბმულმა ცნობისმოყვარეობამ და სიხარულმა ისე ამიტანა, რომ, მეგონა, შეხვედრის ადგილამდე ვერ მივაღწევდი და, რომც მიმეღწია, ინტერვიუზე ენას ჩავყლაპავდი. ან, რა გასაკვირია! მე, ვიღაც ნუგზარ რუხაძე პირადად უნდა დავლაპარაკებოდი მსოფლიო კინემატოგრაფიის გიგანტს, რომლის შემოქმედებაზე გავიზარდე და დავვაჟკაცდი. ბავშვობასა და ყრმობაში, ალბომები გამოტენილი მქონდა მისი სურათებით, ჟურნალ-გაზეთებიდან რომ ვჭრიდი ხოლმე გაფაციცებით. იღბალს უნდოდა, ალბათ, ასე რომ მომხდარიყო. სული კინაღამ დავლიე მანქანაში, სანამ მივიდოდი. მეგონა, იმ ოდრის უნდა შევხვედროდი ‘რომის ადადეგებიდან’ რომ მახსოვდა. გრეგორი პეკს აღარაფრად დაგიდევდი. დადგა ჩემი დრო-მეთქი, ასე ვეუბნებოდი ჩემს თავს. და აჰა, დაჰკრა მღელვარე წამმა და დავინახე . . . გამხდარი, დამჭკნარი, ფერმკრთალი, პატარა და მაინც უსათნოესი მშვენიერება, მიმქრალი, მაგრამ მაინც ლამაზი და მეტყველი თვალებით - ცოცხალი ოდრი ჰეპბერნი, ლეგენდათა ლეგენდა, არტისტთა არტისტი, ქალთა ქალი . . . მერე, ყველაფერი ძალიან ადამიანურად წარიმართა. ერთად დავყავით 3-4 საათი. მაშინ ის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი იყო მსოფლიოში, და ბავშვთა გასაჭირს ზუსტად ისე განიცდიდა რეალურ ცხოვრებაში, როგორც მის მიერ შესრულებული როლების სისხლხორციელ დეტალებს, თავის დროზე. ინტერვიუმ მსუბუქად და საქმიანად ჩაიარა. არცერთს არ გვითქვამს იმ საუბრისას ისეთი რამ, რაც საყოველთაო ყურადღებას დაიმსახურებდა და სამყაროს ელვის სისწრაფით მოედებოდა, თუმცა, თითოეული მისი სიტყვა კამერის წინაც და მის მიღმაც იყო ადამინის მიმართ სიკეთითა და სიყვარულით სავსე. მთელს ჩვენს შეხვედრას წითელ ზოლად გასდევდა მისი ამაღლებული სურვილი, რომ კაცობრიობას ემსახუროს მის ამ ახალ და არანაკლებ ამაღლებულ როლში. ვიფიქრე, ჩემი ქართული სახელისა და გვარის წარმოთქმით არ დავტანჯავ ამ ღვთისმოვლენილ ანგელოზს-მეთქი და ვუთხარი ხალხი ასე მეძახის-თქო - Nug . . . გაიმეორა. გამიხარდა. ხელი ხელზე ნაზად მოვუჭირე მადლობის ნიშნად. მეგონა, თითები ხელში ჩამატყდებოდა, მაგრამ გადავრჩი. მაშინ, ფოტოკამერიანი მობილურები არ არსებობდა და ერთმა ნაცნობმა ამერიკერლმა ფოტროგრაფმა (პრესა ესწრებოდა, ცხადია, ინტერვიუს) სურათი გადაგვიღო. გვთხოვა ერთად დადექითო და, წამიერად, ანუ კადრისმიერად, ერთმანეთს მივეკარით მორიდებულად. შემდეგ, კიდევ ერთი თვალისდახამხამება და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა მაშინ გარდა იმისა, რომ მას ვეღარასოდეს ვეღარ შევხვდებოდი.
გამოხდა ხანი და იმ მადლიანმა ფოტოხელოვანმა, ეს, ახლა უკვე, ცნობილი სურათი მომიტანა ტელესტუდიაში, თან, დამამადლა, ნუგ, შენ ეს არ იცი, რას ნიშნავსო. მართალაც!
ნუგზარ ბ. რუხაძე
თბილისი, 2025 წლის 18 ივლისი
An Instant with Audrey Hepburn
https://georgiatoday.ge/an-instant-with-audrey-hepburn/